logo
ENG



კრემლის მტკიცებით, "ვაგნერს" სამართლებრივი საფუძველი არასდროს ჰქონია

14 ივლ 202318:36
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/14/rtt3eo8ochcj3c6.jpg

პარასკევს კრემლმა განაცხადა, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება “ვაგნერი” არასდროს ყოფილა იურიდიული პირი და მისი სამართლებრივი სტატუსიც დამატებით განხილვას საჭიროებს.

ამ განცხადებას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის “კომერსანტთან” გაკეთებული კომენტარი. მან ევგენი პრიგოჟინის ჯგუფსა და 24 ივნისის მოვლენებზე ისაუბრა და თქვა, რომ "ვაგნერი უბრალოდ არ არსებობს" და ვერც რუსეთის კონსტიტუციაში შევხვდებით კანონს მსგავსი კერძო სამხედრო დაჯგუფებების შესახებ. 

დღეს კი, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ “ვაგნერის” მსგავსი კომპანიების კანონიერი სტატუსი საკმაოდ რთული საკითხია და განხილვას საჭროებს.

„ისეთი იურიდიული პირი, როგორიცაა "ვაგნერი", არ არსებობს და არც ყოფილა. ეს არის სამართლებრივი საკითხი, რომლის შესწავლა აუცილებელია.“ - განაცხადა პუტინის პრესსპიკერმა. 

მიუხედავად იმისა, რომ კრემლი ახლა ცდილობს პრიგოჟინისგან  დისტანცირდეს და “ვაგნერის” კავშირი რუსეთის მთავრობასთან უარყოს, ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებს. თავად პრეზიდენტ პუტინის განცხადებით, პრიგოჟინის დაჯგუფებას მხოლოდ 2022 წლის მაისიდან 2023 წლის მაისამდე 86.26 მილიარდი რუბლი (1 მილიარდი დოლარი) თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაეცა.

გარდა დაფინანსებისა, პუტინის დავალებით “ვაგნერი” 2015 წლიდან აქტიურად ატარებდა საზღვარგარეთის ოპერაციებსაც, კერძოდ სირიაში, ლიბიასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, რათა დაეცვა რუსეთის ინტერესები ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში.

რაც შეეხება უკრაინას, აღსანიშნავია, რომ 24 ივნისის მოვლენებამდე ევგენი პრიგოჟნის დაჯგუფება უმნიშვნელოვანესს როლს ასრულებდა უკრაინასთან ომში და არაერთ უმნიშვნელოვანესს ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა. კერძოდ, თვეების განმავლობაში "ვაგნერის" ჯარისკაცები მთავარ როლს ასრულებდნენ ბახმუტის ალყაში აღმოსავლეთ უკრაინაში, რამაც უზარმაზარი ადამიანური დანაკარგი გამოიწვია. სწორედ ამიტომ, ევგენი პრიგოჟინმა არაერთხელ გამოაქვეყნა ვიდეო, რომლითაც მკაცრად აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს. 

აჯანყების შემდეგ, პრიგოჟინი საზოგადოებაში აღარ გამოჩენილა. კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მასსა და პუტინს შორის 29 ივნისს შედგა შეხვედრა. მიუხედავად ამისა, ამ დრომდე პრიგოჟინის ადგილსამყოფელზე ცნობები არ ვრცელდება. Რაც შეეხება  “ვაგნერს”, პენტაგონის მტკიცებით, უკრინაში მისი მებრძოლების “მაღალი კონცეტრაცია” აღარ შეინიშნება, როგორც ეს 24 ივნისის მოვლენებამდე იყო.

ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის ღია კონფლიქტი რამდენიმე თვეა გრძელდებოდა, ხოლო 24 ივნისს პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.

მოგვიანებით, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა და ის ბელარუსში გაემგზავრა.

ამასთან, დღეს ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ვაგნერელებმა მათი სამხედროების წვრთნები დაიწყეს.


close დახურვა